11 X 11
სპორტული პორტალი

სერხიო რამოსი – ნაძირალა თუ ლეგენდა ?

0

ეს წერილი 2019 წელს დაიწერა, როდესაც სერხიო რამოსის „რეალიდან“ წასვლა ფიქრადაც არავის მოუვიდოდა. 2021 წლის 16 ივნისს კი სამეფო კლუბმა გამოაცხადა, რომ რამოსი „რეალს“ ტოვებს. მეორე დღეს გამოსამშვიდობებელი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

სერხიო რამოსის ფიგურა ერთმნიშვნელოვანი ნამდვილად არაა. მისი სპორტული წარმატებები ხშირად მისი უსაქციელობით იფარებოდა ხოლმე. ის აფურთხებდა და ფეხებს ამტვრევდა მოწინააღმდეგეებს, ეჩხუბებოდა და უსამართლოდ აკრიტიკებდა ჟოზე მაურინიოს, სილა გააწნა მესის. ამასთან, ეხმარება ღარიბებს აფრიკაში, ფეხბურთს თამაშობს პატიმრებთან და რამდენიმეჯერ იხსნა „რეალი“ ურთულესი სიტუაციებიდან.

„რეალში“ გადასვლამდე რამოსი უხეშობით  მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. 2005 წელს „რეალის“ ბოსებს განსაკუთრებით თავი იმით მოაწონა, რომ მშვენივრად გაქონდა გოლები საჯარიმო დარტყმებით. სწორედ „რეალთან“ მატჩში მისმა 25 მეტრიდან დარტყმულმა ჯარიმამ მოაგებინა „სევილიას“. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ იმავე ზაფხულში „რეალმა“ მასში ანდალუსიელებს 27 მილიონი ევრო გადაუხადა.

გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც „რეალმა“ ზედიზედ ხუთ მატჩში ვერ მოიგო (იქიდან სამი სულაც წააგო), რამოსმა ნერვები ვეღარ მოთოკა. ერთ ვარჯიშზე მას თვალში არ მოუვიდა ახალწვეული სერხიო რეგილონის მოქმედება და ორჯერ, ძალიან ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ბურთი განგებ მოარტყა. მართალია, მოგვიანებით მოუბოდიშა, აქაოდა ნერვიულობისგან წონასწორობიდან გამოვედიო.

ალბათ გახსოვთ, სერხიოს ფეერიული დარტყმა „ბაიერნთან“ პენალტების სერიაში? ის აცილება, რომელმაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დატოვა, სერხიოს რამდენიმე თვის მანძილზე კოშმარად სდევდა.

2012 წლის ზაფხულში გამოვიდა თამაში Angry Ramos-ი, რომელშიც მის მიერ აცილებული პენალტი გაშარჟებული იყო. ეს დაცინვა მან ძნელად კი გადაიტანა, მაგრამ მამას და ძმას უთხრა, რომ შემდეგში პენალტს აუცილებლად პანენკას სტილში დაარტყამდა და გაიტანდა, რითაც ყველას ხმას ჩააკმენდინებდა.

ამის გაკეთების საშუალება ევრო-2012-ზე მიეცა. ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩი ფრედ დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ესპანელთაგან ხაბი ალონსომ ვერ გაიტანა და მატჩის ბედი ბეწვზე ეკიდა. სერხიოს მეოთხე პენალტის დარტყმა უწევდა, ბურთთან მშვიდად მივიდა და „პანენკა“ შეასრულა.

„რაც გავაკეთე, სრულიად ლოგიკური გახლდათ, რადგან ამგვარ დარტყმას ჩემგან არავინ ელოდა. მართალია, პასუხისმგებლობა და რისკი დიდი იყო, მაგრამ ყველას დავუმტკიცე, რომ ეს არ მაშინებს და .ვერებიანი ბიჭი გახლავარ“ – უთხრა სერხიომ „გარდიანის“ ჟურნალისტს.

აგებს „ბარსელონასთან“ და პოლიტიკაში ცხვირს ყოფს

2017 წლის დეკემბერი. კლასიკოში „ბარსა“ „რეალს“ ანადგურებს. იმის ნაცვლად, რომ ფიასკოს მიზეზებზე ესაუბრა, რამოსი ისეთ ინტერვიუს იძლევა, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი მოჰყვა: “ჯარიმა სუარესზე? კარგით ერთი! კატალონიაში უნდათ ამის გამო ციხეში ჩემი ფეხით მივიდე და პუჩდემონთან ერთად ჩავჯდე“. მცირე განმარტება: კარლეს პუჩდემონი კატალონიის რეგიონის გადაყენებული პრეზიდენტია, რომელსაც სეპარატისტობის და აჯანყების მოწყობა ბრალდება, ესპანეთის ხელისუფლებას მასზე დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული და ის თავს ბელგიას აფარებს. ამ ინტერვიუში რამოსი სრულიად გამიზნულად შეეხო კატალონიელებისათვის მეტად მტკივნეულ ამ თემას.

უყვარს კორიდა და მატადორებთან მეგობრობს

სერხიოს მშობლიური ქალაქი სევილია ესპანეთისათვის ტრადიციული კორიდის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრია. არ არის გამორიცხული, მისი აგრესიულობა ბავშვობიდანვე ხარებთან ბრძოლის გამუდმებული  ცქერითაც იყოს გამოწვეული. ის არა მარტო რეგულარულად დადიოდა კორიდაზე, არამედ დაუძმაკაცდა მატადორ ალეხანდრო ტალავანტეს. მათი მეგობრობა რამოსის „რეალში“ გადასვლის შემდეგაც გაგრძელდა. ევრო-2012 მოგების აღსანიშნავ ზეიმზე კაპოტემოსხმული (კაპოტე – მატადორის მოსასხამია) სერხიო ამით პატივს ალეხანდროს მიაგებდა.

სიმულანტობს ფინალში, სადაც უკვე ყველაფერი გარკვეულია

2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. „რეალი“-„იუვენტუსი“. მიმდინარეობს მატჩის 84-ე წუთი. მადრიდელები მშვიდად 3:1-ს იგებენ და მეტოქის რაიმე სახით პროვოცირების არავითარი საჭიროება არ არის. რამოსმა კი მოიგონა, თითქოს ხუან კუადრადომ ხელი ჰკრა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან მიაბრძანეს.

„მსგავსი რამ რომ გამეკეთებინა, სირცხვილისაგან ჩემს ვაჟს თვალებში ვერ შევხედავდი“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა რიო ფერდინანდმა სერხიოს საქციელს.

მაურინიოს ზეგავლენით სერხიო საკუთარ თავზე მუშაობს

მიუხედავად მათ შორის კონფლიქტისა, ჟოზე მაურინიო სერხიო რამოსისათვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი გახლდათ. „ჩემამდე სერხიო ერთხელაც არ იყო გასული ჩემიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც კი“, – ბაქიბუქობდა ჟოზე ჟურნალისტებთან. თუმცა, რასაც ამბობდა, სრული სიმართლე გახლდათ. აი, მაურინიოს „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, სერხიო რამოსმა გუნდთან ერთად უდიდესი წარმატებები მოიპოვა და არა მარტო ბლანკოსის მენტალურ, არამედ ლიდერ-მოთამაშედაც იქცა.

სერხიო რამოსის ცენტრალურ მცველად გადაყვანა სწორედ მაურინიოს მიგნება გახლდათ და მან უძლიერესი დუეტი შექმნა პეპესთან. ეს წყვილი მალე მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის „ბინძური თამაშის“ ეტალონად იქცა. უდავო საფეხბურთო ოსტატობასთან ერთად რამოსი-პეპე გამუდმებით იყენებდნენ ზღვარგადასულ სიხისტეს, ეშმაკობას, სიმულაციას და ზემოდან უყურებდნენ მოწინააღმდეგეებს. მაურინიომ ჩაუნერგა რამოსს საკუთარი თავის განსაკუთრებულობის განცდა და აქცია უდიდეს საფეხბურთო ანტაგონისტად, რაც შემდეგ მაუმ საკუთარ ზურგზეც იწვნია.

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ, გასახდელში მაურინიომ ჩვეულად დაქოთა შეგირდები, რამაც ისედაც  გაღიზიანებული სერხიო წყობილებიდან გამოიყვანა და მწვრთნელს უღრიალა:

„რა გაგეგება შენ ფეხბურთში? პროფესიონალი ფეხბურთელიც კი არ ყოფილხარ!“. ამ დროს, სერხიოს ისიც კი არ ახსოვდა, რომ ამ კაცს „რეალში“ მისვლამდე მწვრთნელის რანგში  ჩემპიონთა ლიგა ორჯერ ჰქონდა მოგებული.

ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მატჩების მხსნელად იქცა

„ბაიერნთან“ გაცუდებული პენალტის თემა „მკვდარი“ კი იყო, მაგრამ სერხიოს შურისძიების სურვილი მაინც არ გაუქრა. ისევ სწყუროდა მიუნხენელებთან შეხვედრა და რევანში. ამის საშუალება 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიეცა. რამოსმა ორჯერ „გახვრიტა“ მანუელ ნოიერი და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, 12-წლიანი შესვენების შემდეგ, პირველად გაიყვანა გუნდი ამ ტურნირის ფინალში.

იმ ნახევარფინალის შემდეგ, სერხიომ 18-ჯერ გაიტანა გოლი, როდესაც მისი გუნდი ფრედ თამაშობდა ან სულაც აგებდა. ქამბექი-გოლი შეასრულა კარიერაში პირველ ფინალში „ატლეტიკოსთან“, რაც მისთვის დაუვიწყარია:

„პირველი ფინალი პირველი სექსივითაა. ის არასოდეს გავიწყდება, თუმცა მაინცდამაინც კარგად არ გამოგდის. იმ მატჩში მოვახერხე დაუვიწყარი გოლის გატანა“, – იხსენებდა 2016 წელს. „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება ტატუთი „უკვდავყო“, ფეხზე ჩემპიონთა ლიგის თასი დაახატინა, ხოლო ხელის თითზე „90+“ დააწერინა იმის სამახსოვროდ, რომ გოლი სწორედ დამატებით დროში შეაგდო.

2016/2017 წლების სეზონში, როდესაც ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალმა“ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა და სერხიო 9 გატანილი გოლით შეეწია თავის გუნდს, ყველაზე დასამახსოვრებელი კლასიკოში ფრის მომტანი გოლი გახლდათ.

სერხიო ლუკა მოდრიჩის ჩაწოდებულ ჯარიმას დაუხვდა და ესოდენ საჭირო გოლის ავტორი გახდა. შემდეგ ტურში „დეპორტივოსთან“ „რეალი“ მოგებას ვერ ახერხებდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე მადრიდელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს და ტრიბუნები ერთხმად აგუგუნდნენ – „სერხიო, გაიტანე!“. ჰოდა, მანაც აუსრულა ფანატებს გულისწადილი.

მეტოქეებს აფურთხებს

2017 წლის ზამთარი. „რეალი“ „სელტასთან“ აგებს სამეფო თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში. ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს თუ როგორ შეაფურთხა სერხიომ გალისიელთა თავდამსხმელს იაგო ასპასს.

თავად ასპასმა თქვა, რომ რამოსის ამ საზიზღარი საქციელის შესახებ თანაგუნდელებისგან შეიტყო, როდესაც მას ვიდეო გაუგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი სახეზე იყო, რამოსი ახლაც ირწმუნება, რომ მსგავსი არაფერი ჩაუდენია:

„ეს ყველაფერი „ბარსელონადან“ მოდის. იმ გადაფურთხებისას ჩემსა და ასპასს შორის ხუთი მეტრი მაინც იყო და რას მივაწვდენდი? თავად ასპასსაც კი არაფერი უგრძვნია“, – ჯიუტობს სერხიო.

ხდება უნივერსალი, რომელსაც ყველა აქებს

„რეალის“ მთავარი მწვრთნელები, კარლო ანჩელოტი და ზინედინ ზიდანი ამბობენ, რომ სერხიო რამოსი გამორჩეული პიროვნებაა, თავდადებული მებრძოლი, რომელიც მოედანზე არაფერს უშინდება. ფრანგი აქცენტს უფრო მენტალიტეტზე აკეთებს. მისი თქმით, სერხიო მუდამ მოტივრებულია, წამიერადაც არ კარგავს სიფზიზლეს, ყოველთვის მზადაა ბრძოლაში ჩაებას, რითაც სულ სტრესში ამყოფებს მოწინააღმდეგეს, ხოლო პარტნიორებს გამოუვალ სიტუაციებშიც კი იმედს აძლევს.

იტალიელი მაესტრო კი სერხიოს უნივერსალობას უსვამს ხაზს. მისი აზრით, სერხიო დაცვის სრულყოფილი მეომარია: „მცველთა ნაწილს ტექნიკა გამოარჩევს, სხვები, კანავაროს მსგავსად, კარგი მეურვენი არიან. ნაწილი კი ბარეზის მსგავსნი, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობენ და თავისი ავტორიტეტით თავდამსხმელებს აბნევენ. თუ მცველებს ამ სამივე კომპონენტით შევაფასებთ, ამ მხრივ სერხიო რამოსის გამოყოფა შეიძლება. მას სამივე ხსენებული კომპონენტი აქვს, რაც უმაღლესი დონის უკანახაზელად აქცევს“.

თავის კოლეგას ბრაზილიელი ტიაგო სილვაც აქებს: „სადღეისოდ სერხიო რამოსი მსოფლიოში საუკეთესო მცველია. ეს ჩემი ურყევი შეხედულებაა. დიდებულად ხომ დგას დაცვაში, ბურთთანაც შენობითაა, დროულად გადადის შეტევაზე და მის დამამთავრებელ ფაზაშიც ძალიან კარგია. ერთი სიტყვით, სრულყოფილი ფეხბურთელია“.

ლუის სუარესი კი მას ყველაზე უხერხულ მოწინააღმდეგედ თვლის, ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია. „ძალიან ძლიერია, უდიდესი გამოცდილება აქვს და შეუპოვარი მებრძოლიცაა“.

პირღიმილიანი ამტვრევს სალაჰს

2018 წელს, „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ყველაზე განხილვადი თემა მეკარე კარიუსის შეცდომა და სალაჰზე სერხიო რამოსის უხეშობა გახლდათ. მეორეს შემთხვევაში ყველაზე უცნაური თავად სერხიოს რეაქცია გახლდათ. როდესაც დაინახა რომ ეგვიპტელ თავდამსხმელს იძულებით ცვლიდნენ, გვერდით მსაჯს სიცილით რაღაც უთხრა. მოგვიანებით, ეგვიტური გაზეთი Al-Watan-ი ასეთი სათაურით გამოვიდა: „დაე, ალაჰმა განსაჯოს რამოსი!“. უთხრეს რა ამის შესახებ რამოსს, მან უპასუხა, რომ ძალიანაც კარგი, თანახმაა მხოლოდ  ღმერთმა განსაჯოს.

რამოსის უხეშობა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი ასე შეაფასა: „ჩემს წინააღმდეგ ასე რომ ეუხეშა, გარწმუნებთ, სერხიო რამოსს რეანიმაციაში მოუწევდა გადაყვანა“. ამაზე სერხიო სიცილით მოკვდა და აღნიშნა, რომ “ზლატანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში აღარ ეჭყანება“.

სერხიო რამოსის უხეშობის რეზიუმირება ყველაზე უკეთ ბრიტანულ მედიას გამოუვიდა. „სანმა“ სერხიოს „ცივსისხლიანი, ქვისგულიანი და მკვდრისთვალება ავსული“ უწოდა და წინადადებით გამოვიდა, მისი სიკვდილის შემდეგ სამუზეუმო ექსპონატად აქციონ, რათა ბავშვებმა ნახონ თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი ბოროტება.

მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ სალაჰის იძულებითმა შეცვლამ მთელი სათამაშო გეგმა აურია. რამოსი ამასაც არ გაუჩუმდა: „ეს პირველი ფინალი როდია, რომელსაც კლოპი აგებს და ეს სულაც არ გამოადგება თავის გასამართლებლად. ამიტომ უჯობს დამარცხების მიზეზები მხოლოდ საკუთარ თავში ეძებოს.“

ფეხბურთს პატიმრებს ეთამაშება და სენეგალში მოგზაურობს

2010 წელს მსოფლიოს ჩემპონატში ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, შვებულების დროს, UNICEF-ის საქველმოქმედო პროგრამით სენეგალში მიემგზავრება, სადაც სამ დღეს დაჰყოფს. მოიარა სკოლები და საავადმყოფოები, აჩუქა მათ ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები, შეხვდა ბავშვებს და ყველა მსურველს ავტოგრაფები ჩამოურიგა.

“ვიცი, რომ მაგარი ბიჭის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ სენეგალში ცრემლები ვერ შევიკავე. შეუძლებელია თავი შეიკავო, როცა ბავშვი მხოლოდ იმიტომ გეხეუტება, რომ მას საჭმელი მიეცი. აფრიკელი ბავშვების სიცოცხლეს არაფად აგდებენ, იქ ჩვეულებრივია პატარა ასაკში გარდაცვალება, რისი მიზეზიც ხშირად უჭმელობაა. ამ მოგზაურობამ შემცვალა,”- იხსნებდა რამოსი სენეგალში ყოფნის შემდეგ.

რამოსის ქველმოქმედება UNICEF-თან პარტნიორობით არ შემოიფარგლება. ის ორგანიზაცია Apascovi-სთანაც თანამშრომლობს, რომელიც შშმ პირებს ეხმარება. კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯი სერხიო რამოსმა 2010 წელს გადადგა, როცა ციხეში პატიმრებს ეწვია და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. “მათი ღიმილი განსაკუთრებული იყო,”- თქვა სერხიომ.

ხელი მოუქნია მესის და შემდეგ თავი სულელურად იმართლა

ელ კლასიკოსას სერხიო რამოსი კიდევ უფრო „გიჟდება“, უფრო მეტად უხეშობს, ეჩხუბება მეტოქეებს, გამუდმებით ეკამათება მსაჯებს. 2019 წლის მარტში კი ძალიან ცუდად მოიქცა. ლეო მესისთან მორიგი შეჯახების შემდეგ, გამზნულად მოიქნია ხელი და არგენტინელს სახეში თხლიშა.

„ბარსელონას“ ფეხბურთელები მის გაფრთხილებას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა ეს ეპიზოდი გაატარა. თავად რამოსმა კი თქვა, რომ ასეთი რაღაცეები ფეხბურთში ხდება. სულაც არ უნდოდა ლეოსათვის გაერტყა და ეს შემთხვევით, თანაც სუსტად მოუვიდა. ის კი რატომღაც მოედანზე გაგორდა და ისე მოიქცა, თითქოს ძალიან ეტკინა.

ჟერარ პიკეს თქმით კი რამოსმა განზრახ გაარტყა მესის, მას ტუჩი გაუხეთქა და რომ ეს დაუფარავი აგრესიული ქმედება გახლდათ. თავისი შეგირდი ჟოზე მაურინიომ კი ასე გაამართლა:

„სერხიო რამოსის საქციელი იმ ფეხბურთელის მოქმედება გახლდათ, რომელმაც იცოდა, რომ თამაშში რაღაც უნდა შეცვლილიყო. დარმუნებული ვარ, ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ მეორე ტაიმში მოედანზე ატმოსფერო შეცვლილიყო, რადგან მანამდე თამაში საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა“.

სერხიო რამოსის წინააღმდეგობრივი ფიგურა ფეხბურთში მხოლოდ დისკუსიების საგანი როდია. 2017/2018 წლების სეზონში ფილიპე მელოს 23 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და როდესაც ბრაზილიელს ჰკითხეს თუ რატომ უხეშობს ასე ხშირად, მან დაუფარავად უპასუხა, რომ უნდა სერხიო რამოსს ჰგავდეს:

„სერხიო ხშირად იღებს გაფრთხილებებს, მაგრამ მერე რა? ასეთი თამაში საშუალებას აძლევს მას და მის გუნდს, რომ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგონ“.

არსებობს კი ციტატა, რომელიც ზუსტად დაახასიათებს სერხიო რამოსს? ძალიან საეჭვოა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო