11 X 11
სპორტული პორტალი

ევროზე ჩავიდა ფეხბურთელი, რომელიც ციხეში 16 თვე იჯდა – შემდეგ სპეციალური სამაჯურით თამაშობდა

0
ევროს განაცხადში შოტლანდიიდან „მოზერველის“ მცველი დეკლან გალაჰერი მოხვდა. ის გუნდში ყველაზე საინტერესო ისტორიის მქონე ფეხბურთელია – ციხეში ჯდომის გამო თითქმის წელიწადნახევარი ფეხბურთი არ უთამაშია.
გალაჰერმა ბეისბოლის ჯოხით მზარეულს თავი გაუტეხა, რომელიც თავის გოგონასთან ერთად ტაქსის ელოდებოდა. ეს გალაჰერის მეგობრის კონფლიქტის გაგრძელება იყო

ეს ისტორია 2013 წლის აპრილში დაიწყო. მაშინ მზარეული სტივენ ფინდლი და მისი გოგონა მერი დოკერი სასტუმროში მისი დის ქორწილის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. კონფლიქტი დოკერის ქუჩაში გასვლისას დაიწყო. მან დაინახა, რომ მამაკაცი, რომელიც აღშფოთებული იყო იმის გამო, თითქოს დოკერის შვილი მის გოგონას ეარშიყებოდა.

ატყდა კამათი, რომელშიც გალაჰერის მეგობარი ენტონი მიურეი ჩაერთო. დოკერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი შვილი ტუალეტში გავიდა, ფეხბურთელის მეგობარმა მოულოდნელად სახეში ხელი გაარტყა. დოკერი სასტუმროში დაბრუნდა და ყველაფერი ფინდლის მოუყვა.

ვიდრე ტაქსის ელოდებოდნენ, მიურეი და გალაჰერი ბეისბოლის ჯოხებით დაბრუნდნენ. გალაჰერმა ფინდლის თავის ქალა გაუტეხა. მას ტვინში სისხლი ჩაექცა და რეანიმაციაში ხუთი დღე იმყოფებოდა. შერიფმა თავდასხმას ძალიან აგრესიული უწოდა.

გალაჰერი მხოლოდ 2015 წელს დააპატიმრეს, იქამდე კი „დანდიდან“ „ლივინგსტონში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და პირველივე სეზონში თასი მოიპოვა.

2015 წლის ზფხულში სასამართლო გაიმართა. გალაჰერის ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ აშკარა მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა თავდასხმის ფაქტის მთლად უარყოფა შეუძლებელი გახლდათ. ვექილებმა სასამართლოზე გალაჰერს ლამის დითირამბები უძღვნეს: „ეს ერთადერთი შემთხვევაა, კარგი ადამიანია, ხალხისა და საზოგადოების შემწე“.

გალაჰერსა და მიურეის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ფეხბურთელმა გირაო გადაიხადა და მაშინვე გათავისუფლდა. „ლივინგსტონმა“ მხარი დაუჭირა, შემდეგ სეზონში კი 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2016 წლის თებერვალში დაზარალებულმა მხარემ აპელაცია შეიტანა და გალაჰერს ვირის აბანოში უკრეს თავი – შოტლანდიურ ციხე-სიმაგრე ჰანტლიში. კლუბმა კონტრაქტი არ გაუგრძელა.

გალაჰერი ვადამდე გაათავისუფლეს და ფეხზე სამაჯურით თამაშობდა

საპყრობილეში მან 16 თვე გაატარა. დიდ მონოლოგში ამბობდა, რომ იმ კრიმინალური ეპიზოდის გახსენება არ სურდა, ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა და მომავალში უცნობი დეტალების გამომზეურებას აპირებს.

ციხეში რუტინის გამო დისკომფორტს არ გრძნობდა – რეჟიმი ეხმარებოდა. ფიზიკური ფორმა აღელვებდა. მაშინ 24 წლის იყო, გათავისუფლებისას კი 27-ის იქნებოდა. „ეს ჩემს კარიერაში დაპაუზების ღილაკს ჰგავდა. მოედანზე დასაბრუნებლად ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობდი. ადვილი არ იყო, მაგრამ ამან გამაძლიერა“.

გალაჰერის მთავარი შთაბეჭდილება ციხეში – ადამიანები, რომლებიც გაიცნო:

„ხალხმა შეიძლება იფიქროს, ეს ციხეა, თუმცა ჩემთვის სიახლე ის იყო, რომ ბევრი უბრალოდ წარუმატებელ გარემოებაში მოხვდა. ბევრი საერთოდ არ იყო დამნაშავე, რადგან როდესაც რაღაც ისე არ მოხდა, თავს იცავდნენ“.

ფორმის შენარჩუნებაში გალაჰერს ხელს კლუბი „რეით როვერსი“ უწყობდა. რვა თვის შემდეგ დღე გარეთ გასვლისა და გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშის ნება დართეს. დაზარალებული ფინდლი უკმაყოფილო დარჩა და ამბობდა, რომ ეს მართლმსაჯულებაზე დაცინვა იყო. ფინდლიმ მზარეულად მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო.

2017 წლის დასაწყისში სასამართლომ გალაჰერი გაათავისუფლა, ოღონდ სამაჯურის ტარებით, „ლივინგსტონში“ დაბრუნდა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

გალაჰერი დაქორწინებულია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ორი შვილი შეეძინა.

გალაჰერი ამბობდა, რომ სათამაშოდ ინგლისში უნდა წასულიყო, რათა შოტლანდიასა და რთულ მოვლენებს დაშორებოდა. თუმცა, მხოლოდ სამშობლოში თამაშობდა. „ლივინგსტონიდან“ „მოზერველში“ გადაბარგდა, საიდანაც პირველად უხმეს ნაკრებში. მალე ის „აბერდინთან“ გააფორმებს კონტრაქტს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო