11 X 11
სპორტული პორტალი

ივან რაკიტიჩის სიყვარულის ისტორია, რომელიც ნებისმიერ ფილმს ჯობია!

0

მომავალი ცოლის გაცნობა – ნებისმიერი კინოს სიუჟეტზე უკეთესი!

ნამდვილად საჰოლივუდო ისტორია. რომანტიკული კომედია. ყველაფერი ხორვატი ბიჭის ბარში შესვლით დაიწყო…

ეს მოხდა 2011 წელს. 21 წლისა ვარ (2011 წლის იანვარში რაკიტიჩი 22 წლის გახლდათ -ავტორის შენიშვნა). გვიან ჩავფრინდი ესპანეთში, შეიძლება ღამის 10 საათი იყო. ბოლო ოთხი წელიწადი გერმანიაში, „შალკეში“ ვთამაშობდი და დილით უკვე „სევილიასთან“ ვაპირებდი კონტრაქტის გაფორმებას. მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და ხელშეკრულებაზე ხელისმოწერაღა იყო დარჩენილი.

თან ჩემი უფროსი ძმა დეიანი მახლდა. სასტუმროში მივედით, სადაც  კლუბის წარმომადგენლებთან ერთად ვივახშმეთ. რატომღაც ავნერვიულდი და მივხვდი, რომ ღამეს თეთრად გავათენებდი. ამიტომ ძმას შევთავაზე: „წამოდი, ცოტა დავლიოთ და შემდეგ დავიძინოთ“.

ამ სიტყვებმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალეს.

ეს იმიტომ, რომ ქალი, რომელიც სასტუმროს ბარში მუშაობდა… მართლაც მაგარი ვინმე ჩანდა. მისი დანახვისთანავე, ჩემი რეალობის აღქმა შენელებული კადრებით წარიმართა. ის ქალი უმშვენიერესი გახლდათ.

საკუთარ თავს ვუთხარი: სევილია ძალიან კარგია. აქაურობა ძალიან მომწონს!

სამწუხაროდ, „Hola”-ს გარდა ესპანურად სიტყვა არ ვიცოდი. გერმანულად, ინგლისურად, იტალიურად და ფრანგულად თავისუფლად ვლაპარაკობდი, მშობლიურ სერბო-ხორვატულადაც, რასაკვირველია, მაგრამ ესპანურისა ინჩი-ბინჩი არ გამეგებოდა და ეს საშინელებად მომეჩვენა.

ვიჯექით ბარში და ძმას ველაყბებოდი, ვიდრე ტელეფონმა არ დაურეკა. ერთი ძალიან ძლიერი ევროპული გუნდის წარმომადგენელი რეკავდა. მათ უკვე იცოდნენ, რომ სევილიაში ვიყავი ჩასული და ჩემს წასაყვანად თვითმფრინავს აგზავნიდნენ, რათა მეორე დღესვე მათ კლუბთან გამეფორმებინა ხელშეკრულება.

ჩვენ „სევილიასთან“ ოფიციალური შეთანხმება გვქონდა. ესპანეთში ჩემი გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თან ასეთივე რისკიც, რადგან ესპანეთი ჩემთვის ძალიან უცხო ქვეყანა გახლდათ, სადაც არავის ვიცნობდი და ენაც არ მესმოდა.

დეიანმა მკითხა: „აბა, რას აპირებ, როგორ მოვიქცეთ?“

დაუფიქრებლად მივუგე: „რას უნდა ვაპირებდე? „სევილიას“ პრეზიდენტს თანხმობა უკვე მივეცით. ჩემი სიტყვა კი ყველანაირ ხელმოწერაზე ძვირფასია“.

მან მიპასუხა: „კარგი, მაგას ვეტყვი იმათაც“.

ამის შემდეგ დეიანს ბარისკენ მივუთითე და ვუთხარი: „იმ ოფიციანტს ხომ ხედავ? ვაპირებ „სევილიაში“ თამაშს და იმ ქალსაც ცოლად შევირთავ“.

ჩემს ძმას გაეცინა: „ნება შენია“. ფიქრობდა, რომ ვიხუმრე.

ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა და გვკითხა, რამეს ვისურვებდით თუ დავამთავრეთ.

„ცოტას კიდევ ვნერვიულობ. უცებ არ დამეძინება. მოდი, თითოც კიდევ გადავკრათ“, – ვუთხარი ძმას.

მეორე დღეს „სევილიასთან“ კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ვიდრე ბინას ვეძებდი, იმ სასტუმროში კიდევ სამი თვე ვიცხოვრე. ყოველ დილით იმ ბარში შევდიოდი ყავისა და ფორთოხლის „ფანტას“ დასალევად, სინამდვილეში კი იმ მშვენიერი ოფიციანტის სანახავად. და ასე გრძელდებოდა დღიდან დღემდე…

მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რაკელი ერქვა. იმან ინგლისური არ იცოდა, მე ესპანური და ყოველ დღე ასე იყო…

«Buenos días, Raquel. Un café y un Fanta naranja».

ვერ გეტყვით რა მემართებოდა მის დანახვაზე. ყოველთვის სხეულში ბომბი მიფეთქდებოდა. გამალებით ვსწავლობდი ესპანურ სიტყვებს, რათა მისთვის რაღაც მეთქვა და როდესაც საუბრისას ვიჭედებოდი, ჟესტიკულაციასა და მიმიკებზე გადავდიოდი.

ამაზე რაკელი გულიანად იცინოდა და ალბათ ფიქრობდა: „მე ჯეინი ვარ. შენ… ტარზანი“.

ის იცინოდა, მე კი ყავით ვიჭყიპებოდი, მაგრამ ნამდვილად მიღირდა.

ერთი 20-ჯერ თუ 30-ჯერ დავუნიშნე პაემანი.

უარი არასოდეს უთქვამს, მაგრამ არც მხვდებოდა, რადგან თავს სულ იმით იმართლებდა, რომ გვიანობამდე მუშაობდა და შემდეგ უნდა დაეძინა. სამი თვის შემდეგ ჩემს სახლში გადავედი. საშინლად მოვიწყინე. ვთვლიდი, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ნებისყოფა დავძაბე და გადავწყვიტე, მაინც ყოველდღე მევლო იმ ბარში.

იმ დღეს, როდესაც ის იქ არ მუშაობდა, დაუფიქრებლად სხვაგან მივდიოდი, ხოლო როდესაც ვიცოდი, რომ მუშაობდა, ის დღე ჩემთვის აზრს იძენდა.

ამ პერიოდში ჩემი ესპანური საყველპურო დონეზე ავიდა. ახლა უკვე შემეძლო ცოტა მეტხანს ჟესტების გარეშე მელაპარაკა. თავს ძალა დავატანე ესპანური ტელევიზიების ცქერა და რადიოს მოსმენა დავიწყე. ვერ ვხსნი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბალკანელებს ენების ათვისების განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს.

ერთხელაც რაკელმა ამისხნა, თუ რატომ არ მთანხმდება პაემანზე. მან მითხრა: „შენ ფეხბურთელი ხარ. მომავალ წელს შეიძლება სხვა ქვეყანაში გადახვიდე. ასე რომ, მაპატიე“.

ამ სიტყვების შემდეგ, მე, არცთუ მაგარმა ბიჭმა, აი,რა გავიფიქრე: „შეიძლება რაკელი მიყურებს და ფიქრობს, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელი ვერ გავხდები და სეზონის ბოლოს „სევილია“ გამყიდის“.

ამის შემდეგ „სევილიას“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების მოტივაცია კიდევ უფრო გამეზარდა, რათა ამ გოგოს ბოლოს და ბოლოს ჩემთან ევახშმა. ამასობაში 7 თვე გავიდა. „სევილიაში 27 იანვარს ჩავედი, 20 აგვისტოს კი მივიღე მესიჯი, რომ რაკელი დასთან ერთად ბარში ზის და სვამენ. არ მუშაობს“.

იმ დროს ლამის ნახევარმა სევილიამ იცოდა ჩემი სიყვარულის ამბავი. ვიღაცამ დაინახა რაკელი ბარში და ეს მაცნობა. იმ ვიღაცის გამჟღავნებას კი ნამდვილად არ ვაპირებ.

ერთ ჩემს მეგობარს დავურეკე და პირდაპირ იმ სასტუმროს მივადექით. ბარში შესული რაკელს გვერდით მივუჯექი და ვუთხარი: „ვხედავ, არ მუშაობ, ვეღარ მეტყვი, რომ ამ საღამოს დაკავებული ხარ და ჩემთან ერთად ვერ ივახშმებ“.

ის გაკვირვებული მიყურებდა. შემდეგ კი მიპასუხა, რომ არ იცის, შეიძლება კიდეც…

მე მტკიცედ ვიდექ: „არც იფიქრო, რომ ავდგები და წავალ. აგერ, დასთან ერთად ხარ და ბევრი ლაპარაკი აღარ გვინდა. ყველანი ერთად წავიდეთ.“

ჰოდა, ყველანი ერთად წავედით.

მეორე დღეს ერთად ვისადილეთ და იმ დღიდან ერთად ვართ. გვყავს ორი მშვენიერი გოგონა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და რთული მიღწევა გახლდათ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ბევრად რთული.

მახსენდება რაკელის ოჯახის გაცნობა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ უკვე ესპანურს ნორმალურად ვფლობდი, მაგრამ როდესაც რაკელის დიდ ოჯახში მოვხვდი… ეს საშინელება იყო. უამრავი ნათესავი და ისე სწრაფად ლაპარაკობდნენ და თან სევილიური აქცენტით…

მამამისი მეხუმრებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი და ბრიყვივით ვიღიმებოდი, რადგან არ მინდოდა მეწყენიებინა. თუმცა, შევატყვე, რომ ძალიან კარგად მიხვდა ჩემს მდგომარეობას და დამამშვიდა: „კიდევ ორი-სამი თვე და აღარაფრის გაგება აღარ გაგიჭირდება“.

მგონია, რომ სევილიელებს განსაკუთრებული ხასიათი აქვთ. გახსნილი ადამიანები არიან. მართობს, რომ ჩემს ცოლს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ მეგონა, ასევე იყო მის ოჯახშიც და გაკვირვებული დავრჩი, როდესაც სულ სხვა ვითარება დამხვდა. თითქმის ყველა „სევილიას“ თავგადაკლული ფანი აღმოჩნდა. რაკელის ბაბუა სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც დავოჯახდი. ჩემმა სიმამრმა მიამბო, როდესაც მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქაურ ტანსაცმელს აცმევდნენ, ექთნებმა საათის მოხსნაც დაუპირეს და იმან იუარა, „სევილიას“ მონოგრამიანი საათი სიკვდილამდე უნდა მეკეთოსო.

ბევრს საერთოდ არ ესმის, თუ რა დიდ ზეგავლენას ახდენენ ფეხბურთელებზე მათი ახლობელი ადამიანები. ჟურნალისტები გამუდმებით გვეკითხებიან გუნდზე, ვარჯიშების მეთოდიკაზე, პარტნიორებზე, ტაქტიკაზე და ა.შ. და არასოდეს იმაზე თუ რას ვაკეთებთ ფეხბურთს მიღმა. მე კარგად ვთამაშობდი „ბაზელსა“ და „შალკეში“, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა.

როდესაც ჩემს ცოლს შევხვდი, მივხვდი რომ უკვე სხვა, დიდი სტიმული გამიჩნდა – უკვე მისთვის ვთამაშობდი. 2013 წელს სევილიას“ პირველი ლეგიონერი კაპიტანი ვიყავი დიეგო მარადონას შემდეგ. ეს უდიდესი პატივი იყო და რაკელის ბაბუა გამახსენდა, რომლისთვის „სევილია“ უმნიშვნელოვანესი რამ გახლდათ.

ракитич3

ამ მომენტით იმადაც ვამაყობ, თუ რა როლი ითამაშა ფეხბურთმა ჩემი იდენტობის განსაზღვრაში. ჩემი მშობლები ხორვატიიდან იყვნენ და შვეიცარიაში იუგოსლავიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე გადასახლდნენ, რადგან წინასწარ მიხვდნენ თუ რა საშინელება დატრიალდებოდა მათ ქვეყანაში. მე შვეიცარიაში გავიზარდე, გახლდით რობერტ პროსინეჩკის ფანატი, ის ხომ ხორვატი ხალხის გმირი გახლდათ. ჩემი ბავშვობის პერიოდში პროსინეჩკი „რეალში“, „ბარსელონასა“ და „სევილიაში“ თამაშობდა. ომი არ შემხებია, მაგრამ ჩემი მშობლები დიდხანს ვერ ჩადიოდნენ სამშობლოში. ხორვატიაში პირველად 7 წლის ასაკში მოვხვდი, როდესაც დედ-მამა თავიანთი მშობლების სანახავად გაემგზავრნენ და მეც თან მიახლეს. მე, ბიჭმა, რომელიც შვეიცარიულ სკოლაში დავდიოდი, საკუთარი თავის ხორვატად იდენტიფიცირება რობერტ პროსინეჩკისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მეოხებით მოვახდინე. დედაჩემი იხსენებს, რომ მეორე კლასში სწავლისას ვკითხე, თუ კიდევ რამდენ ხანს უნდა მევლო სკოლაში და როდესაც პასუხად მივიღე, 9 წელიწადი, მივუგე, რომ მეტ ხანს არავითარ შემთხვევაში არ ვივლიდი და აუცილებლად ფეხბურთელი გამოვიდოდი.

ასეც მოხდა. 17 წლისა უკვე „ბაზელში“ ვთამაშობდი. კვლავ რობერტ პროსინეჩკობაზე ვოცნებობდი და ესპანეთში თამაში მსურდა. გულში „სევილიას“ კაპიტნობაც მეწადა.

2014 წელს, როდესაც „ბარსელონამ“ ჩემი გადაყვანა მოინდომა, ცოტა კი გამიჭირდა, რადგან ჩემი ცოლის ოჯახს უნდოდა „სევილიაში“ დავრჩენილიყავი. ამასთან, ისიც კარგად ესმოდათ, რომ ფეხბურთელს იშვითად, შეიძლება მხოლოდ ერთხელ მიეცეს შანსი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გადავიდეს. ამიტომ ჩემს სურვილს დაეთანხმნენ. ამას ისიც დაემატა, რომ „სევილიას“ ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილი იყო ჩემში შეთავაზებული ფულის ოდენობით და მეც დამშვიდებული სინდისით შემეძლო ანდალუსიის დატოვება. მოკლედ, ყველა მხარე კმაყოფილი იყო და მეც კარგ ნოტაზე დავტოვე „სევილია“, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი პირადი ცხოვრებაც.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი სიმამარის სიტყვები: „ძალიანაც კარგი, რომ „ბარსელონაში“ გადადიხარ. რა თქმა უნდა, უდიდეს წარმატებებს გისურვებ, მაგრამ როდესაც „სევილიას“ წინააღმდეგ მოგიხდება თამაში… აქ კი უკვე დიდი ბოდიში“.

„ბარსელონაში“ თამაში, ალბათ, ნებისმიერი ბიჭუნას ოცნებაა. მახსოვს თუ რა დიდებული განცდა და საამო სულიერი ფორიაქი დამემართა, როდესაც ჩემს წარდგენამდე „ბარსელონას“ გასახდელში შევედი, სადაც ჩემი ამუნიცია გამზადებული დამხვდა.

ფეხბურთელს მუდამ გამარჯვებები და ტიტულების მოხვეჭა სწყურია. თუმცა, იყო უდიდესი კლუბის წევრი – სულ სხვა განცდაა. ძალიან დიდ პატივს ვცემ სხვა კლუბებსაც, მაგრამ „ბარსელონას“ ამ ქალაქთან და კატალონიასთან, თავის გულშემატკივრებთან  სულ სხვაგვარი, ლამის მისტიური დამოკიდებულება აქვს.

ბედნიერება მხვდა წილად ისეთ ფეხბურთელებთან მხარდამხარ მეთამაშა, როგორიც ლეო მესი, ნეიმარი, ხავი, სუარესი, ინიესტა და პიკე არიან. ჩვენ ერთიან რიტმში, კარგად აწყობილ მანქანასავით ვმოქმედებდით და თანაც დიდებულად. ეს საოცარი რამ გახლდათ. ერთია, როდესაც „ბარსას“ თამაშს ტელევიზორით უყურებ და სულ სხვა განზომილებაა, როდესაც მისი შემადგენელი ნაწილი ხარ.

ვითამაშო ფეხბურთი ყოველ დღე – ეს ჩემი უდიდესი სიამოვნება და ბედნიერებაა. უკვე ათეულ წელიწადზე მეტია, რაც შვეიცარია დავტოვე და საზღვარგარეთ დავიწყე თამაში. ძალიან გამიმართლა, რომ „ბარსელონაში“ მოვხვდი, საიდანაც უდიდესი პატივით გამაცილეს და ისევ „სევილიაში“ დავბრუნდი, სადაც ასევე უდიდესი სიყვარულით მიმიღეს და დღემდე ასე გრძელდება.

როდესაც „ბარსელონაში“ გადავედი, ყველა გაოცებული იყო ჩემი ესპანურის ცოდნის დონით, რამაც ახალ კლუბში ადაპტაცია ძალიან გამიადვილა. ამაშიც ჩემს ცოლს ვემადლიერები, რომელმაც შემაძლებინა და გზა ტარზანობიდან „სევილიას“ კაპიტნობამდე და „ბარსელონას“ ჩემპიონობამდე გამატარა.

ჩემი უფროსი გოგონა, როდესაც ტელევიზორში ფეხბურთს უყურებს, ძალიან ბრაზობს გოლი თუ ვერ გამაქვს, რადგან მამამისი ეამაყება და უნდა ყველაზე უკეთესი იყოს. ჯერ არ ვიცი, თავისი დიდი ბაბუის მსგავსად ისიც ამ თამაშის ფანატი გახდება თუ დედამისივით ფეხბურთი საერთოდ აღარ დააინტერესებს, მაგრამ მე მოედანზე გასული ნამდვილად იმისთვის ვთამაშობ, რომ ჩემი საფიცარი შვილი კმაყოფილი და გახარებული იყოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო