11 X 11
სპორტული პორტალი

ნამდვილი სიგიჟე ბრაზილიაში კი არა, გვინეაში ხდება – სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, ფეხბურთელები კლუბებში ვერ ბრუნდებიან

0

სანაკრებო მატჩების პაუზის დროს ნამდვილი ქაოსი ბრაზილიაში კი არა, გვინიეაში ტრიალებს. ეროვნული გუნდის ფეხბურთელები სამშობლოში მიმდინარე რევოლუციის დროს ჩავიდნენ და საკუთარ ქვეყანას ვეღარ ტოვებენ.

მათ შორის არიან პოლ პოგბას ძმა – ფლორენ პოგბა და “ლივერპულის” ნახევარმცველი ნაბი კეიტა.

გვინეაში სამხრედროებმა პრეზიდენტი ჩამოაგდეს – მას კონსტიტუციის შეცვლა აპატიეს, მაგრამ არმიისათვის დანახარჯების შემცირება აღარ გაუტარეს

კვირას, 5 სექტემბერს ჯარისკაცების ჯგუფმა, რომელსაც პოლკოვნიკი მამადი დუმბუეი ხელმძღვანელობდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი აიღო და სპეციალური განცხადებით გამოვიდა.

“ჯარისკაცის ვალი სამშობლოს შენარჩუნებაა. ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციას დავასრულებთ. ჩვენ პოლიტიკას ერთ ადამიანს არ დავუთმობთ, არამედ მას ხალხს გადავცემთ. შეხედეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნის გზები, რას ჰგავს ჩვენი საავადმყოფოები. ესეც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ გამოღვიძების დროა. ეს ჩვენი მოვალეობაა!”

ჯარისკაცები ქვეყნის 83 წლის პრეზიდენტ ალფ კონდეს გულისხმობდნენ, რომელიც გვინეას სათავეში 2010 წლიდან უდგას. მას არჩევნების გაყალბებაში, კორუფციაში სდებდნენ ბრალს და ადანაშაულებდნენ ისეთი პოლიტიკის წარმოებაში, რომელმაც ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებთან – სენეგალსა და გვინეა-ბისაუსთან შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა.

2019 წელს კონდემ კონსტიტუცია შეცვალა და საკუთარ თავს შეუქმნა შესაძლებლობა მესამე ვადით არჩეულიყო. 2020 წლის ნოემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები მოიგო, რომელსაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. Aljazeera-ს ინფორმაციით, შეტაკებებს მსხვერპლიც მოჰყვა.

გასულ კვირაში ალფმა მთავრობას პრეზიდენტის შენახვის ხარჯების გაზრდა, საჯარო სექტორსა და არმიაში დასაქმებულებისთვის ფინანსების შემცირება მოსთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო. არმიის საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა.

კვირას თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამბოხება დაწყებული იყო და პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ სროლის ხმა ისმოდა. შემდეგ კი გამოჩნდა ვიდეო, რომ კონდე ჯარისკაცების გარემოცვაში ზის და ამბობს, რომ არ უცემიათ და კარგად ეპყრობოდნენ. მომდევნო ვიდეოში სამხრედროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დააკავეს.

დედაქალაი კონაკრის ერთ ნაწილში სახალხო ჟრიამული ატყდა, მეორე ნახევარში კი აღშფოთება და შეტაკებები. შედეგად პოლკოვნიკმა დუმბუიამ და მისმა მომხრეებმა ქვეყნაში კომენდატის საათი განუსაზღვრელი დროით შემოიღეს, გამოაცხადეს, რომ მმართველობა კონსტიტუციის მიხედვით არ მოხდებოდა და პლუს, ქვეყნის საზღვრები 1 კვირით დაკეტეს.

ამგვარი ქაოსის პირობებში საფეხბურთო მატჩი იყო დაგეგმილი. მაროკოს ნაკრებმა ქვეყანა სროლების ხმის გაგონებისთანავე დატოვა

საზღვრების დაკეტვისა და რევოლუციის გამო ფეხბურთი დაზარალდა: გვინეისა და მაროკოს ნაკრები გუნდების შეხვედრა დღეს, ორშაბათ საღამოს უნდა გამართულიყო, მაგრამ ის გასაგები მიზეზების გამო გადაიდო.

მაროკოს ნაკრები სასტუმროში ჩაიკეტა, გუნდის მწვრთნელი ვაჰიდ ჰალილოჯიჩი კი L’Equipe-ს ეუბნებოდა, რომ მთელი დღე სროლების ხმა ესმოდათ.

“სასტუმროში ვართ, ამ ქალაქში მთელი დღეა ისვრიან. ველოდებით, როდის მოგვცემენ აეროპორტში წასვლის უფლებას, მაგრამ ჯერ შენობას ვერ ვტოვებთ. თვითმფრინავი გველოდება, მაგრამ გაფრენის უფლებას არ გვაძლევენ. აეროპორტამდე 1 საათის გზაა. მაგრამ სანამ სროლები გრძელდება, უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ გვაძლევს. იმედი მაქვს, მაროკოში გაფრენას შევძლებთ.”

ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, სტუმარი გუნდისა და მსაჯების ქვეყნიდან გაყვანა მაინც მოხერხდა. ნაკრებს მაროკოს საელჩო დაეხმარა.

აი, ადგილობრივებს კი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ, ჯერ არავინ უშვებს. საკუთარ ქვეყანაში ჩარჩნენ მოსკოვის “ლოკომოტივის” ფორვარდი კამანო, “რომას” ნახევარმცველი ამადუ დიავარა, პოლ პოგბას ძმა – “სოშოს” მცველი ფლორენტენ პოგბა და “ლივერპულის” ნახევარმცველი ნაბი კეიტა.

მოგვიანებით ახალი ინფო გავრცელდა: ნაბი კეიტამ 13 ადამიანზე გათვლილი კერძო თვითმფრინავი დაიქირავა, რათა თანაგუნდელების ქვეყნიდან გაყვანა მოახერხოს. ბორტი კონკარიში დაჯდომის უფლებას ელოდება, ფეხბურთელები კი დაცვის ქვეშ სასტუმროში რჩებიან.

წყარო: Sports

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო