11 X 11
სპორტული პორტალი

ზურაბ ამონაშვილი: შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ

0

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მიიჩნევს, რომ 18-წლამდელთა ნაკრებმა მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა შეცდომები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

მეოთხედფინალში ჩეხეთის (76:0), ნახევარფინალში ბელგიისა (37:3) და ფინალში პორტუგალიის (27:0) დამარცხებით, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. გარდა ტიტულის დაცვისა, კალინინგრადში გუნდის მიზანი თამაშიდან თამაშამდე განვითარება იყო.

„მიზანი იყო ერთის მხრივ ყველა შეხვედრის მოგება და ტიტულის დაცვა და მეორეს მხრივ, თამაშიდან თამაშამდე პროგრესი. კარგია, რომ ჩვენი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შვინახეთ, თუმცა ყველა თამაშის შემდეგ, გუნდის თითოეულ წევრს გარკვეული უკმაყოფილების გრძნობა გვქონდა. იყო რიგი პრობლემები, რაზეც მომავალ თამაშამდე ყურადღებას ვამახვილებდით. სულ გვქონდა განცდა, რომ მეტი შეგვეძლო და ახლა მნიშვნელოვანია მალე დავუბრუნდეთ სამუშაო პროცესს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონები გავხდით, შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი და აგრძელებს:

„ამ ასაკში ჩვენი უმთავრესი მიზანი მოთამაშეთა განვითარებაა. მთავარია ვისწავლოთ და განვვითარდეთ და თუ მომავალში ისე მოხდა, რომ რომელიმე თამაში დავთმეთ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია ყველა ჩვენი ნაბიჯიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ვისწავლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი თამაში გვქონდეს ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, რათა ადაპტაცია მოვახდინოთ იმ ტემპთან, რაც უკვე შემდგომ ასაკში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გველოდება“.

მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კალინინგრადში მორაგბეებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს – მოირგეს ნაკრების კვართი, იდგნენ საქართველოს ჰიმნზე, რამაც მათ გაუჩინა უდიდესი პასუხისმგებლობა და ასწავლა წნეხის მართვა.

ამონაშვილი მადლობას უხდის მთელ სამწვრთნელო შტაბს და აღნიშნავს, რომ ეს წარმატება მათი ჩართულობის გარეშე არ დადგებოდა:

„ყველა, ვინც გუნდის მზადებაში მონაწილეობა მიიღო, ამ წარმატების სრულფასოვანი მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან თამაშამდე ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ფინალს უკეთეს კონდიციებში შევხვდით და ეს იმის დამსახურებაა, რომ ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებდა. პაატა მაისურაძემ შეტევაში და თორნიკე ბუბუტეიშვილმა შერკინებაში ფასდაუდებელი სამუშაო გაწიეს. მადლობა ჩვენს მენეჯერ ია ხურცილავას, რომელიც თავის ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებდა და სამწვრთნელო ჯგუფს დამატებითი საფიქრალი არ გვქონდა“.

„უღრმესი მადლობა სამედიცინო ჯგუფს – გურამ ადამიას და დავით კობახიძეს. ფაქტობრივად მათი დამსახურებაა, რომ საბა არჩვაძემ ფინალი ითამაშა და ძალიან კარგი ლელო გაიტანა. ასეთი მოკლე ფორმატის ტურნირების დროს, უმნიშვნელოვანესია სწორი აღდგენა და სწორი ვიდეო-ანალიზი. მიუხედავად არაერთი სირთულისა, რასაც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეები ემატება, გივი და გიორგი ნადარეიშვილებმა შესანიშნავად დაიცვეს ბალანსი ვარჯიშებსა და აღდგენებს შორის, ხოლო ვიდეო-ანალიტიკოსი ლაშა მჭედლიშვილი პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა დროულად მოეწოდებინა მეტოქის თამაშისა თუ ჩვენი ანალიზი“.

„ასევე დიდი მადლობა თითოეულ მოთამაშეს და მათ ოჯახებს ასეთი კარგი შვილების აღზრდისა და ნდობისთვის. ასევე ამ ბიჭების კლუბებისა და აკადემიას მწვრთნელებს, რადგან ეს წარმატება ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია“.

rugby.ge

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო